

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სალონური საღამოების ტრადიცია აღდგა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ პოეზიის საღამოზე უცხოელმა პოეტებმა ქართველ მკითხველს ლექსები იტალიურ, თურქულ, რუსულ და ებრაულ ენებზე წაუკითხეს. როგორც ცნობილია, წლების მანძილზე საქართველოში ჩამოსული სტუმრები სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში ეცნობოდნენ ქართული ერის ისტორიას. ამჯერად კი, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები პოეზიამ გააერთიანა.
პოეტ დავით მაღრაძის მოწვევით წინანდალს ესტუმრნენ თანამედროვე ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლები: მეჰმეთ ოლთუნი, დავიდე რონდონი, ვალერი პოპოვი, ტატიანა გროზნაია და დანიელ ოზი. სალონური საღამო ღვინისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომლის გაგრძელება მომავალშიც არის დაგეგმილი. „ეს შესანიშნავი საღამო, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა წინანდლისთვის და პოეზიისთვის ზოგადად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მივუძღვენით. ჩემი მეგობრების, გიორგი რამიშვილისა და გიორგი ხარაბაძის დახმარებით შევძელით თანამედროვე პოეზიის წარმომადგენლების ჩამოყვანა და მათი შემოქმედების ქართველი მკითხველისთვის გაცნობა“ – განაცხადა დავით მაღრაძემ, რომელმაც უცხოური პოეზიის თარგმანების გარდა, რამდენიმე ლექსი ახალი კრებულიდან „უსადაურო“ წაიკითხა.