წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-იდან 22 სექტემბრამდე გაიმართება.
ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი. ფესტივალის ფარგლებში დაარსდება მუსიკალური აკადემია, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.
ასევე, წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, ჩამოყალიბდება პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგზარდა ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა. აღნიშნულ ორკესტრს წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭება. ორკესტრი სრული შემადგენლობით წინანდლის მამულში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და რეპეტიციებს მართავს.
წინანდლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი, რენო კაპუსონი და სხვ. პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნება, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს.
საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში გაიმართება. წინანდლის ფესტივალი, საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.
მისი დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია – დავით საყვარელიძე.
15 დღის განმავლობაში 40 მდე საორკესტრო, კამერული, და სოლო კონცერტი ჩატარდება 1200 კაციან ამფითეატრში და 600 კაციან კამერული მუსიკის დარბაზში, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა.
ფესტივალისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად წინანდლის კომპლექსში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე აშენდა ახალი სასტუმრო „პარკ–ჰოტელი“ (PARK HOTEL). სასტუმროს პირველი სტუმრები სწორედ პან–კავკასიური ორკესტრის მუსიკოსები არიან. 70 ნომრიანი სასტუმროს პირველ სართულზე მუსიკალური აკადემიისთვის განკუთვნილი, მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი ოთახები მოეწყობა.
ფესტივალის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ სტუმარს შეეძლება ახალ სასტუმროში დასვენება და სხვადასხვა ღონისძიების გამართვა. „პარკ ჰოტელი“ შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი სასტუმრო იქნება, ვიდრე შემოდგომაზე გახსნილი, მაღალი კლასის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდალი“. “სილქ როუდ ჯგუფმა” ახალი სასტუმროს აშენებაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
პან-კავკასიური ორკესტრის მუშაობის ოფიციალურად დაწყების, ახალი სასტუმროს გახსნის თაობაზე, ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები და „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენლები 5 სექტემბერს, 13:00 საათზე, წინანდალში პრესკონფერენციას გამართავენ.