„სილქ როუდ რიალ ისთეითმა“, სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების მმართველმა კომპანიამ, გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით, საფონდო ბირჟაზე 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პირველი ტრანში – 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
ობლიგაციების პირველი ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.00%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული სახსრები გამოყენებული იქნება არსებული ვალდებულებების დასაფარად. მეორე 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ემისია ამავე წელს იგეგმება.
ობლიგაციების განთავსების შედეგად, „სილქ როუდ რიალ ისთეითი“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდება, რაც ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაციის უწყვეტი წარმატების დასტურია.
აღნიშნული ობლიგაციების ემისია გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალის, სილქ ბანკისა და „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ პირველი ერთობლივი განთავსებაა.
გიორგი რამიშვილი – სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:„ობლიგაციების გამოშვების წარმატება “სილქ როუდ რიალ ისთეითის” ყველა თანამშრომლის ერთობლივმა ძალისხმევამ განაპირობა. ეს არის ერთიანი, ძალიან ეფექტიანი და მოტივირებული გუნდი. კომპანიის სტრუქტურა მოიცავს როგორც უძრავი ქონების პროექტების განვითარებას, ასევე სტუმარ-მასპინძლობის და გართობის ინდუსტრიებს. ამ მიმართულებებს შორის არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ერთიანი მიზნების მისაღწევად, მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო და დამოუკიდებელი დირექტორთა საბჭოს მხარდაჭერით. ასეთი თანამშრომლობის შედეგია ხელშესახები და შთამბეჭდავი მიღწევები, როგორიცაა ამ ობლიგაციების გამოშვება. ჩვენს პროექტებზე სამუშაოდ ვიწვევთ მსოფლიოში აღიარებულ არქიტექტორებს და დიზაინერებს, რადგანაც გვსურს, რომ ყველა ჩვენი შენობა იყოს ინოვაციური, თანამედროვე და აკმაყოფილებდეს უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს. სწორედ ეს ხდის ჩვენს პროექტებს უნიკალურს.“
მამუკა შურღაია – „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ აღმასრულებელი დირექტორი: „პირველი ტრანშის, 20,000,000 აშშ დოლარის ობლიგაციების, გამოშვებით „სილქ როუდ რიალ ისთეითი“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კომპანიისთვის და მკაფიო მაჩვენებილი იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები აცნობიერებენ ზრდის იმ უზარმაზარ პოტენციალს, რომელსაც ქმნის საქართველო და ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა „სილქ როუდ რიალ ისთეითი“. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს და ყველას ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და ვისი დახმარებითაც ეს შესაძლებელი გახდა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საპარტნიორო ფონდს, თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკს.“
ზურაბ ქოქოსაძე – საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარული ვარ აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების პირველი ტრანშის განთავსებაში. ეს გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალის, სილქ ბანკისა და „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ პირველი ერთობლივი ტრანზაქციაა. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ არა ერთი მსგავსი ინიციატივის განხორციელება მოხდება. ასევე, მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან”.
გიორგი თხელიძე – თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარული ვართ, რომ „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ პირველადი ემისიის მხარდამჭერები ვართ და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყეთ ხელი.სილქ როუდ ჯგუფისა და თიბისის პარტნიორობა 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ, უძრავი ქონების მიმართულებით, არაერთი მაღალი სტანდარტის პროექტი განვახორციელეთ ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში თიბისი კაპიტალი აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“.
ალექსი ხოროშვილი – სილქ ბანკის გენერალური დირექტორი: „სილქ ბანკისთვის ისევე, როგორც„სილქ როუდ რიალ ისთეითისთვის“, აღნიშნული ემისია სადებიუტო იყო. მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ჩვენი წვლილი შეგვეტანა აღნიშნულ ტრანზაქციაში. ჩვენთვის,როგორც სილქ როუდ ჯგუფში შემავალი ბანკისთვის,ორმაგად საამაყოა ემისიის წარმატებით განხორციელება.“
„სილქ როუდ რიალ ისთეითი“, “სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი კომპანიაა, რომელიც თავისმხრივ ორ მიმართულებას აერთიანებს:
- Silk Development უზრუნველყოფს ახალი უძრავი ქონების პროექტების განვითარებას;
- Silk Hospitality მართავს უკვე დასრულებულ ობიექტებს;
„სილქ როუდ რიალ ისთეითი“ ფლობს და წარმატებით მართავს რადისონის ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, ასევე წინანდალში სასტუმრო „პარკ ჰოტელს“, მრავალფუნქციურ კომპლექსს „რესპუბლიკას“ თბილისში, გასართობ და საკონფერენციო სივრცეებს.
კომპანია ამჟამად მუშაობს ორი პროექტის განვითარებაზე – ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეფრაფი“ თბილისის ცენტრში და საცხოვრებელი კომპლექსი „ბოტანიკო“ აჭარაში. კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების საერთო ღირებულება შეფასებულია 900 მილიონ ლარზე მეტად.
2005 წლიდან დღემდე, სილქ როუდ ჯგუფს, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული აქვს ერთ მილიარდ აშშ დოლარამდე. ჯგუფის ინვესტიციები ასევე მოიცავს სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტს“, ჰიდრო ელექტრო სადგურს ბახვში და „სილქ ბანკს“.