

სილქ როუდ ჯგუფის პრესსამსახურის მიმართვა 11 მაისს ტვ პირველის ახალი ამბების გამოშვებაში გასულ მასალასთან დაკავშირებით
11 მაისს, ტვ პირველმა ახალი ამბების გამოშვებაში გააშუქა ქობულეთში გამართული აქცია, სადაც მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი ყოვლად გაუგებარ და დაუსაბუთებელ პრეტენზიას გამოხატავს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებთან დაკავშირებით.
ტვ პირველმა აღნიშნულ თემას 5 მაისსაც დაუთმო ეთერი, რის შემდეგაც სილქ როუდ ჯგუფის პრესსამსახურმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ახალი ამბების რედაქციას მიაწოდა კომპანიის პოზიცია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის სილქ როუდ ჯგუფის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ტვ პირველის არც ერთი ჟურნალისტი არ დაკავშირებია კომპანიის პრესსამსახურს საქმის ვითარების გასარკვევად. ეთერი მხოლოდ აქციის მონაწილეების პოზიციას ეთმობა, რაც აშკარად არღვევს მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის სტანდარტებს და კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გატარებას უფრო ჰგავს, ვიდრე ფაქტების ობიექტურ გაშუქებას. სატელევიზიო არხის ასეთი პოზიციის შედეგია მაყურებლის შეცდომაში შეყვანა და კომპანიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება.
მივმართავთ ტვ პირველის ახალი ამბების რედაქციას და მის ხელმძღვანელს – თემის გაშუქებისას მაყურებელს გააცნოს სილქ როუდ ჯგუფის პოზიცია, რომელიც არა ერთხელ იქნა დაფიქსირებული საჯაროდ:
კომპანია სილქ როუდ ჯგუფმა მრავალი წლის წინ კანონის სრული დაცვით შეიძინა საკუთრების უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, შესაბამისად, კომპანიას აქვს თავის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ყველა კანონიერი უფლება.
აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მხრიდან გაჟღერებული შანტაჟის შემცველი მოთხოვნები სცდება როგორც ყოველგვარი ყოფითი ლოგიკის, ასევე კანონიერების საზღვრებს და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპანიას გააჩნია ყველა კანონიერი უფლება განკარგოს თავის საკუთრებაში არსებული ქონება. ამ ქონების მიმართ სოფელ ბობოყვათის მაცხოვრებლების – ან სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარის – მხრიდან აქციებზე გაჟღერებულ პრეტენზიებს არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი და დაუსაბუთებელი შანტაჟია.
კიდევ ერთხელ, ახლა უკვე საჯაროდ, მოვუწოდებთ ტვ პირველის ჟურნალისტებს და ხელმძღვანელობას დაიცვან ჟურნალისტიკის ელემენტარული სტანდარტები და შეწყვიტონ თემის მიკერძოებულად და ცალმხრივად გაშუქება.
2025 წლის, 5 მაისის განცხადება: https://silkroadgroup.net/srg-statement-05-25/